Wizz Air-ი 6 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენებს სექტემბრიდან იწყებს - კიდევ რომელ ქალაქებში დაიწყება პირდაპირი ფრენები

ტალინის, ბარის, კოპენჰაგენის, ეინდჰოვენის, ბაზელის და ბრიუსელის შემდეგ, WIZZ Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 10 ქალაქში დაიწყება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ახალი მიმართულებები ეტაპობრივად, 2020 წლის ზაფხულამდე დაემატება. ახალ მიმართულებებს შორის იქნება - ჰამბურგი, ნიცა, ფრანკპურტი, ვენეცია, ჰერაკლიონი და ა.შ.

ცნობისათვის, WIZZ Air-მა ქუთაისის ექვსი ახალი მიმართულებით ფრენების დაწყებას აგვისტოში გეგმავდა. თუმცა საოპერაციო შეფერხების გამო ფრენები 10 სექტემბრამდე გადაიდო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, რეგულარული ფრენები ეინდჰოვენის (ჰოლანდია), ტალინის (ესტონეთი), ბრიუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბარის (იტალია) და ბაზელის (შვეიცარია) მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე შესრულდება. უკვე 2020 წლის ზაფხულამდე კი პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში დაიწყება, მათ შორის, კალსროეში, ნეაპოლში, პიზასა და ვენეციაში.

ცნობისათვის, WIZZ Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, უკვე 2019 წლის 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს WIZZ Air დამატებით 6 მიმართულებით განახორციელებს. საერთო ჯამში, იმ პერიოდიდან ავიაკომპანია მგზავრებს 27 ავიამიმართულებას შესთავაზებს 18 ქვეყნის მასშტაბით.

2019 წლის ივნისის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 77 003 მგზავრს მოემსახურა, რაც 21% -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ივნისში აეროპორტით 63 679 მგზავრმა ისარგებლა. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, წელს ივნისში 247 ავიარეისი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (231 ავიარეისი).

რაც შეეხება იანვარ-ივნისის მონაცემებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი - 130 060 მგზავრით მეტი, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. მთლიანად კი 2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 489 823 მგზავრს მოემსახურა.

ელზა წიკლაური