შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების განთავსების შემდეგ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე.
შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ორჯერ მიმართა, თუმცა უწყებამ სააგენტოს სტატისტიკა არცერთ შემთხვევაში არ მიაწოდა.
უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ითხოვდა ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე თვის წინ განთავსებული უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით გამზავრებაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, თუმცა უწყებამ სააგენტოს საპასუხოდ შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა: „საერთაშორისო აეროპორტებში, ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გაცემა არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში“. აღნიშნულის შემდეგ „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ოფიციალური წერილი მეორედაც გაუგზავნა, სადაც სააგენტომ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ითხოვდა არა ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, არამედ უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე უარის თქმის შესახებ მონაცემებს, რაზეც ამჯერად უწყებამ სააგენტოს აცნობა, რომ „ვერ განიხილავდა „ინტერპრესნიუსის“ აღნიშნულ ოფიციალურ წერილს, რადგან სააგენტოს ამ თემაზე პასუხი უკვე გასცა“.
„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხის გარკვევას „აეროპორტების გაერთიანებასთანაც“ შეეცადა, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, სასაზღვრო კონტროლი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ქართველ მესაზღვრეებთან ერთად უცხოელები, მათ შორის ფრანგი და ბერძენი მესაზღვრეები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან განთავსდნენ.