საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც თორმეტი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოღებულია.
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.