ტურისტების დიდი რაოდენობა და საკრუიზო გემები არქტიკას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში სკანდინავიის რეგიონისა და არქტიკის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველწლიურად რეგიონში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის. თუმცა, არქტიკის მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ მასობრივი ტურიზმი და საკრუიზო გემები არქტიკას საფრთხეს უქმნის და აზიანებს მის ბინადარ ცხოველებსა თუ მცენარეებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ ტურისტების მოსაზიდად ზოგიერთი საკრუიზო კომპანია მომხმარებლებს ისეთ ადგილებში სთავაზობს ექსპედიციებს, სადაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. ამასთანავე, საკრუიზო „პროგრამის“ ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს არქტიკაში ყინულის დნობის პროცესის ჩვენება წარმოადგენს.
ჟურნალ Der Spiegel-ის მიხედვით, საკრუიზო მოგზაურობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. 2009 წელს საკრუიზო გემით 11 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, 2018 წელს კი მათი რიცხვი 28.5 მილიონს გაუტოლდა. გამოცემის ინფორმაციით, მზარდი ინტერესისა და მოთხოვნის გამო მიმდინარე წელს მათ კიდევ 124 საკრუიზო გემი დაემატება.
არქტიკის მკვლევარი მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია რეგიონში კონტროლის მექანიზმების ამუშავება და დიდი საკრუიზო გემების აკრძალვა, როგორც ეს მიმდინარე წელს ვენეციაში მოხდა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა