ბოლო პერიოდის განმავლობაში ელეტრონული სკუტერები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათი მწარმოებელი კომპანიებიც ყოველწლიურად ზრდიან წარმოებას, თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ისინი არც იმდენად ეკომეგობრულებია, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, პირველ რიგში გარემო მათი დამზადებისას ზიანდება, რადგან ელექტრონული სკუტერის წარმოებაში არაერთი სხვადასხვა მასალა თუ დანადგარია საჭირო.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 1 მილის (1.6 კმ) გავლისას თითოეული ელექტრონული სკუტერი დაახლოებით 202 გრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ იმავე მანძილის ავტობუსით გავლისას თითოეულ მგზავრზე საშუალოდ 82 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა. გარემოს ყველაზე ნაკლებად ველოსიპედი აზარალებს, რომელიც 1 მილის გავლისას საშუალოდ 8 გრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს.
მკვლევარები ასევე აცხადებენ, რომ მათ გამოიკვლიეს ელექტრონულ სკუტერებზე გადასვლის ტენდენცია. ისინი აცხადებენ, რომ პირებს, რომლებიც ყოველდღიურად ავტომობილით გადაადგილდებიან, სკუტერების გამოყენების ნაკლები სურვილი აქვთ. უმეტესად სკუტერს უპირატესობას ანიჭებს ის, ვინც აქამდე ველისიპედით გადაადგილდებოდა ან ფეხით სიარულს ამჯობინებდა. ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანების მიერ სკუტერების გამოყენება გარემოს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს.
ამასთანავე, კვლევის მიხედვით, მართალია ელექროსკუტერები გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებენ, ვიდრე ავტომობილები, თუმცა სკუტერების დატენვასა და უკან გასაქირავებლად დაბრუნებაში ძირითადად ავტომობილებს იყენებენ. ამის გამო კი გარემოში დამატებითი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რაც ელექტროსკუტერების გამოყენებით მიღწეულ შედეგს ამცირებს.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა