წელს საქართველოში ვაშლის გაძვირებას და ამასთან, იმპორტირებული პროდუქტის ზრდას ელოდებიან. როგორც East fruit-თან საუბრისას ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, ამის მიზეზი სეტყვაა, რამაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.
როგორც ფერმერები აცხადებენ, შიდა ქართლში (პროდუქტის მთავარი მწარმოებელი რეგიონი) ვაშლის მოსავლის აქტიური სეზონი აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება. ამჟამად კი ადრეული ჯიშების მოკრეფა და რეალიზაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მწარმოებლების პროგნოზით, მიმდინარე სეზონზე, რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის სეტყვამ, ვაშლის მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რაც მის ფასზე აისახება. კერძოდ, პროდუქტის ღირებულება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ წელს.
„წელს საქართველოს ბაზარზე, ვაშლის მოსავალი მცირეა, რაც გავლენას მოახდენს მის ღირებულებაზე. ფასის ზუსტი პროგნოზირება, ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ფერმერები პროდუქტის გაძვირებას ელოდებიან. მაგალითად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაშლის ადრეული სახეობის, „გალას“ გაყიდვა, რომლის ღირებულებაც ამ ეტაპზე 2,5 ლარია. მაშინ, როდესაც გასულ წელს აღნიშული სახეობის მაქსიმალური ფასი 1, 7 ლარი იყო“,- განაცხადა ვაშლის მწარმოებელი სამი კომპანიის გაერთინების წარმომადგენელმა ზურაბ გოძიაშვილმა.
აღნიშული კომპანიები : „ტირიფონის ბაღები“, „კვარხიტი აგრო“ და „აგროგორი“ 31 ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს გორის ტერიტორიაზე ფლობენ.
ზურაბ გოძიაშვილის ინფორმაციით, კომპანიებში ვაშლის მოსავლის აღება ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მთლიანი მოსავალი დაახლოებით, 800 ტონა იქნება.
წელს სეტყვამ განსაკუთრებით დააზიანა შპს „გარნეტი“, რომლის ბაღები ასევე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიის დირექტორის გოჩა ღვინიაშვილის თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით მხოლოდ 12,5 ჰექტარი იყო დაცული, 35 ჰექტარი კი მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად, კომპანია, 50%-ით ნაკლებ მოსავალ ელოდება, ვიდრე პროგნოზირებული იყო.
„რაც შეეხება ვაშლის ფასებს, წინასწარ ძნელი სათქმელია, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ წელს. სავარაუდოდ, ის იმპორტირებული პროდუქტის ფასებს გაუტოლდება. ამასთან, იმპორტირებული ვაშლის ოდენობაც გაიზრდება. სავარაუდოდ, ვაშლის მინიმალური ღირებულება 1 ლარზე დაბლა არ ჩამოვა “,- განაცხადა გოჩა ღვიანიაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 82,7 ათასი ტონა ვაშლის წარმოება მოხდა, რაც 4,2%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წელს. 2017 წელს ვაშლის მოსავალმა 72 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87,1% ქართლის რეგიონზე მოდის.