რუსეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი 70 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრეზიდენტმა იური ბარზიკინმა განუცხადა. მისი თქმით, რუსი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩასვლას აგრძელებენ როგორც სახმელეთო გზით, ასევე მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით, „თუმცა, ჯერჯერობით, ორ სახელმწიფოს შორის ავიამიმოსვლის განახლების წინაპირობები არ არის და უახლოეს ხანში, როგორც ჩანს, არ იქნება“, - დაამატა მან.
ამასობაში კი, როგორც „იზვესტიას“ დიპლომატიური წყაროებიდან აცნობეს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენა, მინიმუმ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება აკრძალული, სანამ ქვეყანაში სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, - ნათქვამია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
გვერდზე ჩაუფრინეს...
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის დროებითმა აკრძალვამ, რომელიც 8 ივლისს დაწესდა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, საქართველოში ანტირუსული განწყობების ფონზე, ამიერკავკასიის რესპუბლიკაში ტურისტთა ნაკადი მკვეთრად შეამცირა. ჯერჯერობით ჰორიზონტზე ფრენების განახლების „კონტურები“ არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული დარგი რუსი სტუმრების მწვავე დეფიციტს განიცდის. მხოლოდ ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული ტურიზმის სფერომ, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის შემოსავლები დაკარგა.
იური ბარზიკინის თქმით, ამ ეტაპზე ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან ამ საკითხში ყველაფერი თბილისზეა დამოკიდებული.
- მკაფიოდ და ნათლად ითქვა, რომ ყველაფერი ტურისტების მიმღებ მხარეზეა დამოკიდებული. ისეთ სიტუაციაში კი, რომელიც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, რუსეთის მოქალაქეებისათვის რისკი, ცხადია, მომატებულია. სამგზავრო თვითმფრინავების რეისების განახლებისათვის არავითარი წინამძღვრები არ არსებობს“, - ხაზი გაუსვა იური ბარზიკინმა.
მომავალ წლამდე...
სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს საქართველოს აეროპორტებში ჩაფრენისათვის ლოდინი ერთი წლით მოუწევთ, - აღნიშნა „იზვესტიასთან“ საუბარში ერთ-ერთმა წყარომ რუსეთის დიპლომატიური წრეებიდან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტიურად იგნორირება გაუკეთა მოსკოვის მოთხოვნას - უზრუნველყო რუსი მოგზაურების უსაფრთხოება, ხოლო ანტირუსული განწყობების „ცეცხლი“ ჯერაც არ ჩამქრალა.
- ამჟამად საქართველოში შექმნილი სიტუაცია ხელს არ უწყობს რუსი ტურისტების იქ ყოფნას. რუსეთმა მკაფიოდ წამოაყენა ფრენების განახლების პირობები - რუსოფობიური პოლიტიკისა და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის, უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც. ამ საკითხში პროგრესი და სიტუაციის გაუმჯობესება არ იგრძნობა. ამიტომ, როგორც მინიმუმი, წლის ბოლომდე ავიამიმოსვლა არ აღდგება. უფრო ზუსტად კი, სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება (არჩევნები დაგეგმილია 2020 წლის ოქტომბერში - „იზვესტია“) - ანტირუსული პოლიტიკა სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იქნეს შეწყვეტილი. ამის გარეშე ჩვენ ვერ გავუწევთ რეკომენდაციას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში წასასვლელად. ჩვენთვის მთავარია მშვიდად ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში არავინ არაფერს დაუშავებს, - განუცხადა „იზვესტიას“ დიპლომატიურმა წყარომ.
მოამზადა სიმონ კილაძემ