საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უპრეცენდენტო მოცულობის თანხა - 397 838 275 ლარი მოხმარდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36.4% მეტია.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის გეგმა 550 კმ. გზის რეაბილიტაციაა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
„დღეის მონაცემებით, რეაბილიტაციის კუთხით, გზების დეპარტამენტში 237 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 737 მილიონი ლარია. აქედან 41 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი პროექტების 70% დასრულდება.
რეაბილიტირდა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზები. მუშაობა მიმდინარეობს ისეთ გზებზე, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, მათ შორისაა თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი მონაკვეთები.
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის - ხვამლის მთასთან მისასვლელ გზაზე, ასევე ოკაცეს კანიონთან მისასვლელ და ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზებზე. გზების რეაბილიტაციის გარდა, წლის პირველ ნახევარში სამუშაოები განხორციელდა სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2019 წელს, 6 თვის განმავლობაში, სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.