რუსეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი 70%-ით შემცირდა, - ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Известия»-ს რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბარზიკინმა განუცხადა.
მისივე თქმით, 8 აგვისტოს შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით ან მესამე ქვეყნის გავლით ჩადიან. ბარზიკინის განმარტებით, „ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინაპირობა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს.“
ამასთან, «Известия»-ს რუსულ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, რომ „ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა ამ ქვეყანაში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, 2020 წლის ოქტომბრამდე არ განახლდება, სანამ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება.“
„საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო მოსკოვის მოთხოვნა, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების და დაცულობის გარანტირება მოეხდინა. არ შეწყდა რუსოფობიური ისტერიაც,“ - განაცხადა წყარომ, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.