ლარის დევალვაციისა და მასშტაბური გაუფასურების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დღეს საქართველოში ხალხი ღარიბდება არა მარტო კრედიტის მომსახურების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ცხოვრება გაუსაძლისად ძვირდება. როგორც სტატისტიკოსები აღნიშნავენ, ყოველი 10%-იანი გაძვირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 70 000-მდე ოჯახს სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე ექმნება. საქართველოში უკვე დაახლოებით 300 ათასი შინამეურნმეობაა, რომელიც გაღატაკებულად შეიძლება ჩავთვალოთ.
ფაქტია, რომ მოსახლეობის გაღარიბების პროცესი დაწყებულია და ლარის დევალვაციის პირობებში კიდევ მეტად გაგრძელდება. მუდმივად დაღმავალი კურსი, სამწუხაროდ, მოსახლეობის გაღარიბების წინაპირობად იქცა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე პუნქტით უფასურდება. ბოლო 3 კვირაა, რაც სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსი 2,90-ს სტაბილურად აჭარბებს. უკვე საუბარია კომუნალური გადასახადების შესაძლო ზრდაზეც, რასთანაც გასამკლავებლად მოსახლეობის უმრავლესობას, უბრალოდ, ძალა არ ეყოფა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საკუთარი შემოსავლით მოქალაქეები ვერ წვდებიან მოთხოვნილებებს და ამ პრობლემის მოგვარებას რეალურად საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდება.
,,საქართველოში ხალხი სესხს, მიმდინარე შემოსავლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, სწორედ სურსათის შესაძენად იღებს. ეს კატეგორია მოსახლეობის უკიდურეს ღარიბთა რაოდენობას უნდა მივაკუთვნოთ.
ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზარი დიდწილად არის იმპორტზე დამოკიდებული.
მეორე მხარეა ისიც, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებული ვართ, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები გააჩნია. დადებითია ის, რომ მცირე დროში შეგვიძლია ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიღება, რაც კი მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე გამოჩნდება. მეორეს მხრივ, ნებისმეირი ცვლილება მსოფლიო ბაზარზე პირდაპირ და მყისიერად აისახება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. მაგალითად, მხოლოდ ნავთობზე ფასის 1 დოლარით აწევაც კი შიდა ბაზრისთვის იწვევს იმპორტის 7-8 მლნ დოლარით გაძვირებას. წარმოიდგინეთ, ბოლო წლებში როგორ მოძრაობდა ნავთობპროდუქტების ფასი! ამას ემატება ლარის გაუფასურებაც. ეს არის რეალობა, სადაც ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რომ ამ დანაკარგებმა ძალიან დიდი მასშტაბი არ მიიღოს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" არჩვაძე.
მისი შეფასებით, პრობლემა, ძირითადად, არის იმის გამო, რომ ქვეყანაში შემოსავლები უთანასწოროდაა განაწილებული და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის სერიოზული ბრძოლა უხდება.
,,კეთილდღეობა განისაზღვრება 2 ფაქტორით: მიმდინარე შემოსავლები და დაგროვილი ქონება, როდესაც ოჯახს სოლიდური უძრავი ქონების ელემენტები გააჩნია, ამ დროს კეთილდღეობა ფასების ზრდას შედარებით უმტკივნეულოდ იტანს. ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის, ვთქვათ, პომიდვრის 3 ლარამდე გაძვირება შედარებით უმტკივნეულო იქნება იმასთან შედარებით, ვისაც აქვს კრედიტების ან სხვა გადაუდებელი ხარჯების დაფარვის აუცილებლობა. ამ ორი წარმოებული თანაფარდობით განისაზღვრება ოჯახის მდგოამრეობა და სოციალური აქტივობაც.
ოჯახების ფინანსური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ნაკლები ენთუზიაზმით აკეთებს, მაგრამ გარკვეული მონაცემის მიღება მაინც შესაძლებელია. როდესაც ფასი იზრდება 10%-ით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღარიბთა კონტინგენტის ზრდა დაახლოებით 7%-ით, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ყოველი 10%-ით გაძვირება ნიშნავს, რომ ჩვენთან 50-დან 70 ათასამდე ოჯახს ექმნება უკვე სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე.
აქ სხვა მომენტიცაა - რას ავიღებთ სიღარიბის კრიტერიუმად. ჩვენი სტანდარტით, გაღატეკებული შეიძლება იყოს 300 000 ოჯახი, მაგრამ ევროპული სტანდარტით ბევრად მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ. კიდევ მეტი მობილიზაცია და ძალისხმევა გვინდა, რათა არა მარტო სტატისტიკურ ციფრებში გვქონდეს წინსვლა, არამედ თითოეული ოჯახი ვითარების გაუმჯობესებას საუკუთარ კეთილდღეობაზე გრძნობდეს", - ამბობს სტატისტიკოსი.
სპეციალისტების შეფასებით, და ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივა ჯერჯერობით არათუ არ ჩანს, ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების გარეშე ვითარება ვერ გამოსწორდება.
,,ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა და ხალხს ფული პურის ხარჯის გასაწევადაც არ ჰყოფნის. მთავრობამ უნდა გაატაროს შესაბამისი სისტემური ცვლილებები. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მხოლოდ ბანკირები უნდა ცხოვრობდნენ კარგად. ამ ქვეყანას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოსახლეობის 8% კი არ იყოს ზემდიდარი, არამედ საშუალო ფენა ჩამოყალიბდეს, რომელიც უნდა იყოს ჯანსაღი წარმმართევლი ძალა.
განსახორციელებელია რეფორმები აგრარულ საკითხებში. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მომავალში ინდუსტრიული და ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე შედეგს მივიღებთ, რაც ისევ ღარიბ მოსახლეობაზე აისახება. მნიშვნელოვანია დასაქმება და შემოსავლების ზრდა. დარგობრივი სტრატეგია თუ არ შევიმუშავეთ, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები არ განვსაზღვრეთ, კატასტროფა გველის", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კოღუაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს და რეალურად არაფერი ხდება ამ პროცესის მოსათოკად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობის რიგმა მინისტრებმა არ იციან თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. "მომდევნო წლიდან კიდევ დამძიმდება ვითარება. ძალიან მძიმე პერსპექტივა გველოდება. ნახევარ წელიწადში მშიერი გაზაფხული დაიწყება და საქართველოს მოსახლეობა უმძიმესად იგრძნობს სიდუხჭირეს.
ხალხი არსებობისთვის იბრძვის და ბევრი ოჯახი შიმშილს ვერ ამარცხებს. ჩვენი მოსახლეობის 80% სიღარიბეში ცხოვრობს. სესხით აღებული თანხით ცდილობენ თავის გადარჩენას. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, როცა ადგილობრივი პროდუქტის მარაგი ამოიწურება, ამით უამრავ ოჯახს შეექმნება პრობლემა", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"