კოჯორში ახალგაზრდული სოფლის მშენებლობაზე ტენდერი შეწყდა

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის მშენებლობაზე ტენდერი შეწყდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ამის მიზეზი მომწოდებლის მხრიდან მაღალი აქტივობა გახდა.

„ვინაიდან აღნიშნული კონკურსის ფარგლებში არსებობს მიმწოდებლის მაღალი აქტიურობა, მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭიროა გაკეთდეს საკონკურსო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა. შესაბამისად, მიზანშეწონილია მიმდინარე კონკურსის შეწყვეტა და ახალი კონკურსის გამოცხადება“, - წერია საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებაში.

მთაწმინდის რაიონში, კოჯორში ახალგაზრდული სოფელის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი ივლისში გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მალევე შეწყდა. წინა ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 220 338 ლარი იყო.

წიან სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალგაზრდული სოფელი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო, სტუდენტური და ახალგაზრდული, სპორტული და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ბაზა საგანმანათლებლო, სამუშაო, შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი პროექტებისთვის, სპორტული შეკრებებისთვის. კომპლექსს ექნება საცხოვრებელი დაახლოებით 300 ბენეფიციარის ერთდროულად განთავსებისთვის, ასევე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, საფესტივალო და სარეკრეაციო სივრცეები, ღია და დახურული ნაგებობები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებების განსახორციელებლად.

„ახალგაზრდული სოფელის ბაზაზე განხორციელდება საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, ბანაკები, სპორტული და კულტურული ფესტივალები, იქნება შესაბამისი თემატური სივრცეები სხვადასხვა ჯგუფების მუშაობისთვის (სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების არაფორმალური განათლების აქტივობები, ტექნოლოგიების მიმართულება, სტარტაპერები, სახელოვნებო ჯგუფები, სპორტული კლუბები),“-აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.

თუ როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი, ეს ჯერჯერობით უცნობია.