ჯანდაცვის სამინისტრო 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაციის გაცემას გამოძიების დასრულების შემდეგ გეგმავს

20-21 ივნისის აქციის შედეგად დაშავებულთა კომპენსაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი მეთოდოლოგია აქვს შემუშავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მიმდინარე საგამოძიებო პროცესების დასრულებაზე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე საკითხის გადაწყვეტა და მათ შორის, იმაზე საუბარი თუ 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულ რამდენ ადამიანს გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას, შეუძლებელია.

„კომპენსაციების გაცემის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო პრაქტიკით. კონკრეტულად, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულთა შესაძლო კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტა კი დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, როგორც დაშავებულ პირთა მიერ მიღებული დაზიანების ხარისხზე, ასევე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებაზე, რომელმაც უნდა გამოკვეთოს კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, ამ პროცესის დასრულებამდე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. სამინისტროს, საერთაშორისო პრაქტიკის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შემუშავებული აქვს კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი მეთოდოლოგია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მიდგომა არის ჰუმანური და ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, ჩვენ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ყველა დაშავებულს, აქციის მონაწილეს და პოლიციელს გავუწიეთ და დავუფინანსეთ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. რამდენიმე ჩვენ თანამოქალაქეს დაუფინანსდა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაც მოხდეს როგორც მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ასევე ჩვენ მიერ გაცხადებული ჰუმანური და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის შესაბამისად,“- აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.