ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ განსაცდელში მათ გვერდით დავუდგეთ და ეს ნეგატიური მოვლენა მაქსიმალურად ნეიტრალიზებული იყოს, - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, მაშინ, როდესაც მინისტრი ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში მგზავრთნაკადის შემცირებაზე საუბრობდა, რატომ არ აღნიშნა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით, სადაც მგზავრთნაკადი 14 პროცენტითაა გაზრდილი.
ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გამოაქვეყნა, რომელიც ასევე არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი უწყება.
„სტატისტიკა, რომელიც გამოაქვეყნა აეროპორტების გაერთიანებამ, არის ჩვენი უწყების მიერ გამოქვეყნებული. მეორეც, მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, დადგა თუ არა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია და მოსახლეობა განსაცდელის წინაშე მას შემდეგ, რაც 20 ივლინისის მოვლენების შემდეგ მოხდა ავიაემბარგო რუსეთიდან და რადიკალურად შემცირდა რუსი ტურისტების ნაკადი, ნუ გვკითხავთ მთავრობის წევრებს, რადგან არ მოგწონთ ჩვენი პასუხები, ჩაბრძანდით ქობულეთში, ბობოყვათში, ურეკში, ბათუმში და დაელაპარაკეთ მოსახლეობას. ძალიან ნათელი გახდება, რამხელა განსაცდელის წინაშე დადგა ეს ადამიანები, მცირე საოჯახო სასტუმროები და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც Airbnb-ზე და booking.com-ზე აქირავებდნენ ბინებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ განსაცდელში მათ გვერდით დავუდგეთ და ეს ნეგატიური მოვლენა მაქსიმალურად ნეიტრალიზებული იყოს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.