ოქრო ისევ ძვირდება

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ოქროს ფასი ისევ გაიზარდა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ოქროს ფასმა 0,65%-ით მოიმატა და 1 უნციაზე 1,527 დოლარს მიაღწია.

ბოლოს ამ ნიშნულზე ოქროს ფასი 2013 წელს დაფიქსირდა.

გაძვირდა ვერცხლიც. სექტემბრის მიწოდების ფიუჩერსებზე ფასმა 1,27%-ით მოიმატა და ერთ უნციაზე 17,288 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდას ხელს უწყობს აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს ოქრო საქართველოში. ადგილობრივი ფინანსური საინფორმაციო პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 16 ლარით მოიმატა. კერძოდ, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.6 ლარია, მაშინ როცა გასული წლის ივნისის მდგომარეობით, 99 ლარი ღირდა.