„საქართველოში, მათ შორის, ბაკურიანში, სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები ადვილი დასანახია"

მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას და სამზადისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი აფასებს. მისი განცხადებით, ფედერაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე იყო ლოგიკური, რადგან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ბაკურიანში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები.

„უკვე რამდენიმე წელია, შესარჩევ კონკურსში ვარ ჩართული და ეს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ამ მხარეში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ „მთის განვითარების კომპანიასა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან, რათა ყველა მიმართულება გაგვეხადა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე წელიწადში 14 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა აქ. რადგან კარგად ვიცი, რამხელა სითბოსა და მეგობრობას ვგრძნობდი საქართველოში თითოეული ადამიანისგან და რამდენად კარგი სამუშაო გარემოა აქ, როდესაც ეს სპორტსმენები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში, დარწმუნებული ვარ, იმავე შთაბეჭდილებებს წაიღებენ,“ - განაცხადა ჯოზეფ ფიდჯერალდმა.

ამასთან, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორმა ქართულ მხარეს გაწეული შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას მომდევნო წლებში, ხოლო 2023 წელს ძალიან წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებას,“ - აღნიშნა ფიდჯერალდმა.

დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასას ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.