გამოძიების მასშტაბი ისეთია, რომ მე დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე გარეულია, დანდობა არ იქნება. არა მარტო შემოსავლების სამსახურის, არამედ ნებისმიერი უწყების წარმომადგენელს თუ ამ საქმესთან რაიმე არაკანონიერი შეხება ჰქონდა, დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე დანაშაულებრივი სქემის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა.
მინისტრის თქმით, საქმე გვაქვს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოწერასთან, შესაბამისად, ამით არგადახდილი დღგ- ს ანგარიშზე დასმასთან.
როგორც მაჭავარიანი აცხადებს, მსგავსმა დანაშაულმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფართო მასშტაბი მიიღო და შესაბამისი გამოძიება დაადგენს, იყვნენ თუ არა დანაშაულებრივ სქემაში ჩართულნი მოქმედი თანამდებობის პირები.
„ეს დანაშაული, რაც დღგ არსებობს იმ დროიდან არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში. უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში, წელიწად ნახევრის წინ დაიწყო ამის მასშტაბში გაზრდის პროცესი. ბოლო 6 თვეა განსაკუთრებული სამუშაოები ჩატარდა, მანამდეც იყო რამდენიმე ასეთი საქმე ძიებაში, უბრალოდ ახლა მოხდა რამოდენიმე საქმის ერთმანეთთან დაკავშირება, რითაც გამოიკვეთა, რომ უფრო დიდი ჯგუფი იყო. გამოიკვეთა, რომ ეს სხვადასხვა ეპიზოდები ჯამში ერთი სქემის ნაწილია. ვინაობებს მე პირდაპირ ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით, რომ ზოგიერთი საქართველოში არ იმყოფება, ზოგიერთი შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო და შესაბამისად, რაღაც ცოდნას ფლობდა.
რაც შეეხება იმას, არიან თუ არა საქმეში ახლანდელი თანამშრომლები ჩართული, მიმდინარეობს გამოძიება შემოსავლების სამსახურში. თუ გამოიკვეთა რომელიმე პირის მონაწილეობა ამ დანაშაულში, ყველა რესურსია იმის, რომ ეს გამოვკვეთოთ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა. გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება.