აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს სასანქციო სიაში რამდენიმე ქვეყნის კომპანია მოხვდა, მათ შორის, ქართული Georgia Petrochemical and Aviatech.
რეესტრის მიხედვით, კომპანია ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში 2008 წლის 13 მარტს არის დაფუძნებული. როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მაშინ კომპანიის საწესდებო კაპიტალი მხოლოდ 300 ლარს შეადგენდა. დამფუძნებლები არიან ირანელი საიდ ვალადბეიგი (60%), მოჰამმად რეზა მაზჰარი (20%) და საქართველოს მოქალაქე ელმირა დარბინიანი (20%). კომპანიის სახელზე საჯარო რეესტრში არც ერთი ამონაწერი არ ფიქსირდება.
www.iranwatch.org -ის ცნობით, საიდ ვალდბეიგი აკონტროლებს გაერთიანებულ საემიროებში ბაზირებულ Super Alloys LLC -ს და Emirates Alloys-ს, ასევე მალაიზიურ კომპანია NBH Industries და საქართველოში დაფუძნებულ Georgia Petrochemical and Aviatech. როგორც gbc.ge წერს, სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ვალდბეიგი ახორციელებდა ექსპორტის ოპერაციებს აშშ-დან ირანში. კერძოდ, ექსპორტი ხდებოდა აშშ-დან საქართველოში, საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში, იქიდან მალაიზიაში და მალაიზიის გავლით ირანში. ასევე ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნების (მაგალითად დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ჩინეთი, ჰოლანდია, სომხეთი და სხვა) გამოყენება, რათა ირანში აკრძალული პროდუქცია შესულიყო.
ცნობისათვის, აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურო სასანქციო სიაში შეყვანილი კომპანიების სიებს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
ექსპორტის ადმინისტრაციული რეგულაციების სამსახურის მიხედვით, სიაში ათობით სხვადასხვა კომპანია მოხვდა. სასანქციო სიაში მოხვედრილი კომპანიების უმეტესობა ბელგიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, მალაიზიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ნიდერლანდებიდან არიან.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა ქართული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech (ქართული პეტროქიმია და ავიატექნიკა). ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართული კომპანია შეეცადა უკანონოდ შეესყიდა ნავთობი ირანისგან და მალაიზიაში გაეყიდა.