საქართველოში „ფორსაჟის“ სცენების გადაღება 19 აგვისტოდან იწყება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, თბილისსა და რუსთავში მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ფორსაჟი“ სცენებს გადაიღებენ.

შპს „ენკენი ფილმს ფფ9-ის“ ცნობით, გადაღებების ფარგლებში, თბილისისა და რუსთავის რამდენიმე ქუჩა პერიოდულად გადაიკეტება.

მათი ინფორმაციით, გადაღების პროცესს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა. შპს „ენკენი ფილმს ფფ9“ გზების გადაკეტვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით ახორციელებს.

„შპს “ენკენი ფილმს ფფ9” მსხვილი ამერიკული ფრანჩიზის, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მასშტაბურ გადაღებას ახორციელებს, რომელიც თბილისისა და რუსთავის ქუჩებში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისა და რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება:

18 აგვისტო - 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი

26 აგვისტო - 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი

2-7 სექტემბერი - რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია

6-7 სექტემბერი - თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა

8-16 სექტემბერი - ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო.

16 სექტემბერი - უნივერსიტეტის ქუჩა

აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

„ენკენი ფილმს ფფ9“-ს გუნდი წინასწარ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.