ბიზნესმენი გოგი თოფაძე თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს. ამის შესახებ გოგი თოფაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსთავის საწარმოსთან დაკავშირებითაც, სადაც სავარაუდოდ, საკონსერვო ქარხანა განთავსდება.
„ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ გვეჩქარება. ვინც უფრო კარგ პირობებს შემოგვთავაზებს, იმას დავთანხდებით. თბილისის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა გვინდა, რუსთავში ალბათ, საკონსერვო წარმოებას გავაკეთებთ“,-აცხადებს გოგი თოფაძე.
მისი თქმით, თბილისში არსებული ტერიტორია კომპლექსისთვის სრულიად შესაფერისია.
„ახლა ვშლით ამ თემას. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ საუბარია თბილისში, ჩვენი ოფისის გვერდზე, მარცხენა სანაპიროზე, ნახევარ ჰექტარ ფართობზე, სადაც სასტუმრო შეიძლება აშენდეს და სადაც 60 მანქანის გაჩერებაც შეიძლება“,-აცხადებს გოგი თოფაძე.
რაც შეეხება, პროექტის საინვესტიციო მოცულობას, ბიზნესპარტნიორებს, სასტუმროს სეგმენტს და ა.შ. ბიზნესმენი ამ ეტაპზე დეტალებს არ ახმაურებს.
შეგახსენებთ, ლუდსახარში "ყაზბეგის" ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები "საქართველოს კაპიტალის" ჯგუფში შემავალმა კომპანიამ "გლობალ ბიერ ჯორჯიამ" 3.65 მლნ დოლარად შეიძინა. ორ კომპანიას შორის გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა, შესაბამისად, ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის ძველ მფლობელს გოგი თოფაძეს დარჩა.