ღვინის ექსპორტი კვლავ დადებით სივრცეშია, 4% იყო ზრდა, თუმცა ეს ტემპი ნელ-ნელა იკლებს, პირველ რიგში, დიდი ბაზრის, რუსეთის ხარჯზე,- ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ექსპორტის ტემპის კლება მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებითაა გამოწვეული.
„ახლოვდება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ყოველ შემთხვევაში ამ დარგისთვის და არამარტო ამ დარგისთვის - „რთველი 2019“. ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, ანალიზი დღევანდელი სიტუაციის და ველოდებით გარკვეულ გამოწვევებს, რაც გულისხმობს შარშანდელი რეკორდული რთველის მოსავლის გამეორებას, ანუ იგივე მიწოდების პირობებში შედარებით ნაკლებ მოთხოვნას. ყურძენზე ნაკლები მოთხოვნა არის განპირობებული სწორედ ღვინის ექსპორტის ტემპების კლებით. ღვინის ექსპორტი კვლავ დადებით სივრცეშია, 4% იყო ზრდა, თუმცა ეს ტემპი ნელ-ნელა კლებულობს, პირველ რიგში, დიდი ბაზრის, რუსეთის ხარჯზე, ვინაიდან ცნობილი მოვლენების შემდეგ გარკვეული სირთულეები შეიქმნა ამ მიმართულებით, გარკვეული ნეგატიური მოლოდინები, რამაც გამოიწვია ექსპორტის ტემპის კლება”,- განაცხადა მეხუზლამ.