რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

2019 წლის ივლისში მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 165.8, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 331.5 ლარია. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა კი 298.4 ლარი შეადგინა. ხუთსულიანი - 373 ლარი, ხოლო ექვსულიანი და მეტი 441 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 331.5 ლარი საკმარისი.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. 2018 წელს კი, ისევე როგორც 2017 წელს 312.2 ლარი შეადგინა.

ბოლო მონაცემებით კი, 2018 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 208.7 ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 208.7 ლარიდან გათვალისწინებულია 78.1 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 9.2 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 8.5 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 26 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 27.1 ლარი, ტრანსპორტზე - 22.3, განათლებაზე - 7.2 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 30.3 ლარია გათვლილი.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით, 800 ლარზე მეტი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

ლიკა ამირაშვილი