ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ყურძნის პირდაპირი სუბსიდირებისგან ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ

პირდაპირი სუბსიდირებისგან ჩვენ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დარგის მდგრადი განვითარებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დარგი უნდა დადგეს იმ რელსებზე და აქვს უკვე პოტენცია, რომ თავის თავს თვითონ მიხედოს, სახელმწიფოსგან ნაკლები ჩართულობის პირობებში. ჩვენ გარკვეული გეგმები გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შემთხვევაში გამოვიყენებთ დამატებით სიმძლავრეებს რესურსად რაც შეეხება ყურძნის ჩაბარება-დაბინავებას და უზრუნველვყოფთ, რომ ყურძენი ბოლომდე ჩაბარდეს, თუმცა არა სუბსიდირების ხარჯზე.

რაც შეეხება ყურძნის ფასს, მას დაადგენს თავისუფალი ბაზარი, ესეც ცალსახად უკვე გაცხადებული პოლიტიკაა დარგში, ბოლო ორი წელია და წელს უკვე მესამე იქნება, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დადგინდება ფასი ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების პირობებში, ვგულისხმობ მევენახეებს და ყურძნის ჩამბარებელ ღვინის მარნებს“, - განაცხადა მეხუზლამ.