პაატა სალია ია კიწმარიშვილის მოთხოვნაზე - ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია არანაირი შეზღუდვა, გაასხვისოს ტელეკომპანიის წილები

თუ ქიბარ ხალვაშის მიერ სისხლის სამართლის კუთხით ოდესმე თაღლითობა იყო ჩადენილი, აქამდეც უნდა ყოფილიყო კიწმარიშვილის განცხადება გაკეთებული, - ამის შესახებ „რუსთავი 2“ - ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ია კიწმარიშვილის განცხადებას ტელეკომპანიის ქონებისთვის ყადაღის დადების თაობაზე.

პაატა სალიას შეფასებით, ია კიწმარიშვილის ეს განცხადება კონსულტაციის გავლის გარეშეა მომზადებული, ვინაიდან მასში სამოქალაქო დავისთვის შეუსაბამო ტერმინებია გამოყენებული. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშს არანაირი შეზღუდვა - გაასხვისოს ტელეკომპანიის წილები - არ გააჩნია.

„ვფიქრობ, ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე, ვინაიდან, მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარია, თაღლითობაზე. თუ ქიბარ ხალვაშის მიერ სისხლის სამართლის კუთხით ოდესმე თაღლითობა იყო ჩადენილი, ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არცერთ სხვა პირს - არც დავით დვალს, არც ჯარჯი აქიმიძეს და არც კიწმარიშვილს იმ პერიოდში არ მიუმართავთ პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია, ია კიწმარიშვილს საერთოდ აქვს თუ არა იმართული პროკურატურისთვის.

სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა - გაასხვისოს ეს წილები - არ გააჩნია,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებამდე კიწმარიშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გარკვეული კომუნიკაცია და მოლაპარაკებები იყო, რაც უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი სასამართლოსგან „რუსთავი 2“ -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს.