ინოვაციების ბანაკის მონაწილეებმა მენტორებისგან გრანტი მიიღეს

სამი ახალგაზრდა ქართველი გამომგონებელი სამეცნიერო საქმიანობის პროცესში, დუბაის აქსელერატორ TURN 8-სგან ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას და მენტორშიპს მიიღებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელზეც კომპანიის წარმომადგენლები მრჩეველების სტატუსით იყვნენ მიწვეულნი.

"საქართველოს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი გამომგონებელი ჰყავს. ჩვენ ბანაკის მონაწილეებთან ერთად 5 დღე გავატარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ამ სფეროში ნამდვილად ძალიან ძლიერები არიან. მონაწილეების მონდომებამ და ცოდნის დონემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ სპონტანურად გადავწყვიტეთ ერთ-ერთ გუნდს ფინანსურად დავუჭიროთ მხარი. მათ TURN8-ის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვთ, გარდა ჩემი პირადი თხოვნისა, რომ სკოლა წარმატებით დაასრულონ. ისინი სასურველ პროექტებზე და ტექნოლოგიებზე თავისუფლად განაგრძობენ მუშაობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი წარმოსახვა არ შევზღუდოთ. მე მჯერა, რომ მათგან კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უნდა ველოდეთ", – განაცხადა ინოვაციების მართვისა და ოპერირების საკონსულტაციო ჯგუფის, Innovation 360-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აქსელერატორ TURN8 -ის თანადამფუძნებელმა, კამალ ჰასანმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის, ირაკლი ქაშიბაძის თქმით კი, ქართველი გამომგონებლები უცხოელ პროფესიონალებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.

"ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გამომგონებლებით. ისინი ასაკის მიუხედავად, უკვე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ საერთაშორისო პროფესიონალებზე და აქვთ შესაძლებლობა, პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ. ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა საქართველოს მომავალია. ჩვენ გვჯერა მათი წარმატების და მზად ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ ინოვაციური ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე", – განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.