საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია ავტომობილების ინსპექტირების სფეროში, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) წევრი გახდა. CITA-ს წევრები არიან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციები როგორებიცაა: MAHA, BOSCH, ACTIA, COSBER, MUSTANG, CAPELEC, AUTOCOM, HELLA-GUTMANN და სხვა.
რაც შეეხება ასოციაციებს და ინსპექტირების კომპანიებს, CITA-ში გაწევრიანებულია: DEKRA, OPUS, TUV-NORD, TUV-RHEINLAND და სხვები. CITA მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. CITA-ს სათაო ოფისი განთავსებულია ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში.
„CITA-ში წევრობა საშუალებას გვაძლევს პირდაპირი კავშირი დავამყაროთ სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან და გავიზიაროთ მათი გამოცდილება, გავიცნოთ ახალი მეცნიერული მიღწევები, მუდმივად ვიყოთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში წევრ ორგანიზაციებთან, დავინახოთ ახალი ბიზნეს პერსპექტივები. CITA-ს მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სწავლებისა და განათლების საკითხებს. CITA მუშაობს კონკრეტულ თემებზე უფრო ვიწრო სპეციალიზაციითაც: ტესტირების სტანდარტი, ინსპექტირების მეთოდი, ბაზის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, აკრედიტაციის სისტემა, შეფასების კრიტერიუმი, საინფორმაციო სისტემებზე ხელმისაწვდომობა, პერსონალის პროფესიული თრეინინგი, ავტომობილის სტანდარტის კოორდინაცია მის სასიცოცხლო ციკლთან და ა.შ.
CITA ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციებს, სწავლებებს. ადგენს რეკომენდაციებს წევრთათვის, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და რეზოლუციებთან.
ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა, არამხოლოდ ასოციაციისთვის და მისი წევრებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს მიღწევა, სწორად და დროულად განავითარებს ტრანსპორტის სფეროს და იქნება საქართველოს წინსვლისა და წარმატების გარანტი ევრო-ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებენ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში.