ეს ფაქტი, რაც დღეს მოხდა, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, თავისი მავნებლური მიდგომებით საბოლოო ჯამში ანაკლიის პროექტის მშენებლობის პროცესი დროებით შეაჩერა,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციის HUB Georgia დამფუძნებელმა ვასილ ურუშაძემ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების თაობაზე განუცხადა.
ვასილ ურუშაძის განცხადებით, სწორედ აღნიშნულის გამო, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება და დღევანდელ ხელისუფლებას მმართველობიდან წასვლა მოუწევს.
„ეს არის დროებით შეჩერება და სწორედ ამის გამო აგებს პასუხს დღევანდელი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში არის და სწორედ ამ პოლიტიკით, ისინი ძალიან მალე დატოვებენ იმ ადგილებს, რა ადგილებიდანაც ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, მსგავსი პოლიტიკის გატარება. ამ ადგილებს კი დაიკავებენ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანი თუ საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს. სადაც არის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა გათვითცნობიერებული, სადაც არის პრიორიტეტი მსგავსი მეგა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“,-აცხადებს ურუშაძე.
ურუშაძის მტკიცებით, ის ფაქტი, რაც დღეს დადგა, იმ ნაბიჯებით არის გამოწვეული, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წლის იანვრიდან დაიწყო, როდესაც პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მფლობელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. ვასილ ურუშაძის განცხადებით, შედეგი, რომელიც დღეს დგას, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა არის შეჩერებული, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. ურუშაძე ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი „საქართველოს ისტორიაში ცუდ მაგალითებად“ დარჩებიან.
„ჩვენ მაშინვე დავუკავშირეთ სახელმწიფოს მიდგომა ანაკლიის პორტს და სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი და საფუძვლიანი ეჭვი არაერთხელ გამართლდა. გამართლდა კონკრეტულ ქმედებებში და კონკრეტულ განცხადებებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მარიონეტი პოლიტიკური თანამდებობის პირები ორკესტირებულად ახმოვანებდნენ და რითაც ყოველდღიურად აზიანდებდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ შევაფასოთ მათი დამოკიდებულება ანტისახელმწიფოებრივად, რადგან ძალიან კარგად გამოიკვეთა ბოლო პერიოდში, თუ ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი და ვინ არის ჩვენი მტერი და მოწინააღმდეგე. არსებობს პროდასავლური ძალები, არსებობს აშშ, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და შესაბამისად ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე გამოიკვეთა ის ძალა, რომელიც ყველა ხერხით ებრძვის, რომ საქართველოში მსგავსი პროექტები არ განხორციელდეს, საქართველო ეკონომიკურად ვერ განვითარდეს, საქართველოს არ ჰქონდეს ფუნქცია და როლი, საქართველო არ იყოს ძლიერი და შემდგარი სახელმწიფო- ეს არის რუსეთი, ჩვენი არაკეთილისმსურველი, ჩრდილოელი მეზობელი. გვაქვს რეალობა, სადაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენს მიერვე არჩეული ხელისუფლება კონკრეტული პოლიტიკური ძალის საშუალებით იზიარებს და ასრულებს იმ დავალებას, რომელიც მოდის სწორედ რუსეთიდან“,-აცხადებს ურუშაძე.
ურუშაძე ამბობს, რომ ქვეყანა შეძლებს აღნიშნული პრობლემების გადალახვას და ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, რადგან ქვეყანას სხვა გზა არ აქვს.
„ჩვენ ან ვიქნებით ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო, საქართველო იქნება მიზიდულობის ცენტრი რეგიონში, ან ვიქნებით მხოლოდ გუბერნია“,-აცხადებს ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა – ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა, რაც “ინტერპრესნიუსს“ კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.