„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის - „კონტი ჯგუფის“ მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებას.
ახვლედიანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება დატოვებასთან დაკავშირებით „კონტი ჯგუფმა“ გასულ კვირას მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.
„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. ისიც იცით, რომ დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. მათი გადაწყვეტილება გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული. ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი.
დიახ, მსხვილი აქციონერი იყო, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება ძალიან კრიტიკული არ არის. 70 მილიონი დოლარის ინვესტიციაში, რაც დღემდეა განხორციელებული, მათი მონაწილეობა არის ძალიან მცირე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი და ჩვენ ასეთი გვყავს. ეს არის „ესესეი მარინი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.