შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰიპერბგერითი რაკეტების შესაქმნელად, რუსეთი ამერიკისგან მოპარულ ტექნოლოგიებს იყენებს.
„რუსეთი თავდაცვაზე საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს, ბირთვული არსენალის მოდერნიზებას და მათი ადგილზე მიტანის საშუალებათა ახალი სახეობების შექმნაზე მუშაობს. მათ შორისაა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები. ამ პროცესში იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, რომელთა უმეტესობაც ამერიკისგან არის მოპარული“, - ამბობს ბოლტონი.
მან ეს განცხადება რუსეთში მომხდარი აფეთქების კომენტირებისას გააკეთა, რომელიც არხანგელსკის მახლობლად, ქალაქ სევეროდვინსკის სამხედრო პოლიგონის საზღვაო პლატფორმაზე მოხდა. ინციდენტისას აფეთქდა თხევადსაწვავიანი რაკეტა, რამაც ბირთვული სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტი იმსხვერპლა. აფეთქების შემდეგ, რადიაციული ფონის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რომელიც დასაშვებ ზღვარს 16-ჯერ აღემატებოდა.
ამ აფეთქებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მოსაზრება ტვიტერზე დაწერა: „შეერთებულმა შტატებმა ამ აფეთქების შემდეგ, ბევრი რამ შეიტყო. მსგავსი, გაცილებით განვითარებული ტექნოლოგიები ჩვენც გვაქვს. რუსული „სკაიფოლის“ (თავად რუსები მას ბურევესტნიკს უწოდებენ) აფეთქებამ არამხოლოდ ახლომდებარე მცხოვრებლები დააფიქრა“, - ამბობს ტრამპი.
რუსები აფეთქებული რაკეტის ტიპს არ აკონკრეტებენ. „ნიუ იორკ ტაიმსმა“ ივარაუდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო „ბურევესტნიკი“, რომელიც ბირთვული დანადგარითაა აღჭურვილი.