„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასამტკიცებლად გენერალურ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება წარადგინა.
როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ კონტრაქტორთან შეთანხმება მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი მშენებლობის დასაწყებად ტექნიკურად მზადაა და როგორც კი ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი დასრულდება, პორტის მშენებლობა დაიწყება.
„გენერალურ კონტრაქტორთან დავასრულეთ კომერციულ-ტექნიკურ პირობებზე მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მიზანი, იმიტომ, რომ როგორც იცით, ჩვენ 1 წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში. ბოლო სამი თვე მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება კონტრაქტორის შერჩევასთან მიმართებაში. დღეს ეს შეთანხმება ჩავაბარეთ მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ასევე ჩვენს ინვესტორ ბანკებს, რათა განიხილონ და დაგვიმტკიცონ არსებული ხელშეკრულება. ეს გენერალური კონტრაქტი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მზადაა იმისთვის, რომ როგორც კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები დასრულდება, ჩვენ შევძლებთ მშენებლობის მეორე დღესვე დაწყებას", -განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ხელშეკრულების ღირებულება 200 მილიონ დოლარს აღემატება.
შეგახსენებთ, ივლისში კონსორციუმმა დაასრულა პორტის მშენებელი კომპანიის შერჩევა და შეარჩია ფრანგული კომპანია Eiffage-ს, შვეიცარიულ კომპანია ABB-სა და ქართული კომპანია Caucasus Road Project-ის კონსორციუმი.