ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის მიზეზებზე საუბრისგან თავს ვიკავებ, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარებისკონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის „კონტი ჯგუფის“ მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებას.
ახვლედიანს ჟურნალისტებმა კითხეს, ხომ არ უკავშირდება „კონტი ჯგუფის“ გასვლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას.
„კომპანიის ოფიციალური პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების მიზეზების საჯაროდ დაფიქსირებას ამ ეტაპზე. ჩვენ კონკრეტული გზა გვაქვს გასავლელი და გვინდა, რომ ეს ყველაზე ეფექტურ რეჟიმში გავიაროთ. ამდენად, თავს ვიკავებ მიზეზების დასახელებისგან,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთან, მისი თქმით, „კონტი ჯგუფის“ მიერ კონსორციუმის დატოვება არ ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტისადმი ამერიკული ინტერესები შესუსტდა.
„ასე არ არის. მე არ აღვიქვამდი ამას ამერიკული ინტერესის შენელებად. ჩვენ ველოდებით პროექტის კარგ განვითარებას, როგორც ინვესტორების, ისე სხვა კუთხით. მთავრობის მხრიდანაც კარგი განცხადებები იყო გაკეთებული და ველოდებით, რომ სექტემბერში ეს გადაიზრდება კონსტრუქციულ საუბარში, როდესაც მაგიდის გარშემო დავსხდებით,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.