აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტის გამო, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
საქმე ეხება „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს, რაზეც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 8 ოჯახთან ქონების გასხვისება/ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ელექტროსისტემას პროექტის უპრობლემოდ განხორციელებისთვის ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ბათუმში; ქედის რაიონში, სოფელ დანდალოში; ქედის რაიონში, სოფელ ნამლისევში; ქედის რაიონში, სოფელ კვაშტაში; ქედის რაიონში, სოფელ ზენდიდში; ბათუმში, ხიხანის ქუიჩაზე; ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ასეილი კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
„ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“, - აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.