წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, თხილის მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ.
„სამეგრელოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ერთობლივი ძალებით შეუძლებელი შევძელით და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც არ წარმოედგინა. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს, როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური. ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი გარდამტეხია. მიხარია, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უკვე ვიცით, რომ წელს ჩვენი ფერმერები ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ,“ - განაცხადა ბახტაძემ.