Check-in და საუზმე - პირველი და ბოლო შთაბეჭდილება სასტუმროს შესახებ
„საუკეთესო სასტუმროს პერსონალი ქმნის“, - ამბობს განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტი.
ფრედ სმიტს 25-წლიანი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არაერთხელ უმოგზაურია და ყველა ტიპის სასტუმროსთან ჰქონია შეხება. კარიერა სამზარეულოში დაიწყო. მას მერე მსოფლიოს წამყვან რესტორნებს შეფმზარეულობდა. თბილისში აბუ დაბიდან ჩამოვიდა. ხუმრობს, რომ მისი კარიერის მსგავსად, ოჯახიც საერთაშორისო ჰყავს - სამი შვილი სამ სხვადასხვა ქვეყანაშია დაბადებული. ამბობს, რომ უცნობი სასტუმროების აღმოჩენას კარგად ნაცნობი და შეჩვეული გარემო ურჩევნია.
„გააჩნია მოგზაურობის მიზანს - ხანდახან გადამწყვეტია მხოლოდ ლოკაცია; თუკი მხოლოდ საქმეზე ჩავდივარ, მთავარია, მუშაობის დროს ხელი არ შემეშალოს. ჩემგან უცნაურია, მაგრამ ბრენდულ სასტუმროებში ხშირად ვერ მნახავთ. მირჩევნია, სხვებისთვის უცნობ, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობ გარემოში მშვიდად და კომფორტულად ვიყო“, - ამბობს ფრედ სმიტი.
მშვიდი და კომფორტული სასტუმროს დეფინიცია „შერატონის“ გენერალური მენეჯერისთვის მარტივია - ეს ის სასტუმროა, რომლის პერსონალიც ყოველ წუთს კითხვებით არ აბეზრებს თავს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზადაა სტუმრის დასახმარებლად და ამომწურავად პასუხობს.
ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანი და ამავე დროს რთულია. სასტუმროს პერსონალი დახელოვნებული უნდა იყოს „ადამიანის წაკითხვაში“ და ხვდებოდეს, რა სჭირდება ამა თუ იმ სტუმარს. გარდა ამისა, მზრუნველობა არის მთავარი გასაღები, რომლის გარეშეც სასტუმროს ბიზნესში არაფერი გესაქმება.
„მაქსიმალურად ღია და მზრუნველი უნდა იყო სტუმრების მიმართ და არა ვალდებულების გამო, არამედ ბედნიერებას უნდა განიჭებდეს თითოეული სტუმრის ბედნიერება, უამისოდ არაფერი გამოვა“, - მიიჩნევს შერატონის გენერალური მენეჯერი.
მზრუნველობა და კომუნიკაცია, კეთილი გულით ნასურვები წარმატებული დღე ან მშვიდობიანი ფრენა - ეს ისეთი რამეა, რასაც ვერ დაისწავლი, თუ თავად არ ხარ მოწადინებული ამისთვის. სასტუმროში შესულ გამოცდილ ოტელიერს პირველი არა თანამედროვე დიზაინი და მისაღები დარბაზი, არამედ კეთილი გულით ნათქვამი „დილა მშვიდობისა“ ხვდება თვალში. ადამიანური ურთიერთობები ამ სფეროში ყველაზე მეტად ფასობს, სწორედ ტურიზმია ის ბიზნესი, სადაც სწორი კომუნიკაცია გადამწყვეტია.
ადამიანური ურთიერთობების შემდეგ მეორე ადგილზე მოქნილი და მარტივი დაჯავშნის და check-in/check-out-ის პროცედურაა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ დაჯავშნის სისტემა 60-იან წლებში სწორედ „შერატონმა“ შემოიღო და დაამკვიდრა ბაზარზე.
„შერატონის“ გენერალური მენეჯერისთვის კარგი სასტუმროს შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტი არის კომფორტი და იდეალური სისუფთავე. ნომერში შესულს სისუფთავის სურნელი, გაკრიალებული ოთახი და იდეალურად გასწორებული თეთრეული უნდა გხვდებოდეს.
„რა არის სასტუმრო? საბოლოო ჯამში, როცა ღამდება, როცა მთელი დღის შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფს დაცლა და დასვენება გსურს, მოხერხებული საწოლი და ფუმფულა ბალიში არის ერთადერთი, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ყველაფერი დანარჩენი მშვენიერია, მაგრამ არა - სასიცოცხლოდ აუცილებელი“, - ამბობს სმიტი.
და ბოლოს, კარგი სასტუმროს შესახებ შთაბეჭდილება პირველი და ბოლო მომენტით ყალიბდება. ესაა მარტივი Check-in შესვლისთანავე და გემრიელი საუზმე და სურნელოვანი ყავა გამოსვლისას. საუზმე არის ბოლო შთაბეჭდილება და ახალი დღის დასაწყისი, რომელიც განსაზღვრავს დღეს. „პირველი და ბოლო შთაბეჭდილება, ეს კრავს სასტუმროს შესახებ შენს დამოკიდებულებას“, - ამბობს სმიტი.
სწორედ ამ ძირითად ბაზაზე დგას „შერატონის“ თითქმის ერთსაუკუნოვანი ბრენდის ისტორიაც. კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული - „შერატონის“ სამი მთავარი ღირებულება თბილისის განახლებულ სასტუმროში კვლავ გაერთიანდა. ბრენდის ერთსაუკუნოვანი ტრადიციებითა და ღირებულებებით და სასტუმროს მდიდარი ისტორიით განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 1-ლი მარტიდან ისევ ეპატიჟება და აერთიანებს მსოფლიოს საქართველოს დედაქალაქში.