თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ჩაიშალა, მარცხენა სანაპიროზე კი განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „ეკოლუქსმა“ წარადგინა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი 9 აგვისტოს გამოცხადდა. მერიამ ამ მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე ბაღების მომარაგების მიზნით. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება ორივე ტენდერის შემთხვევაში 14 აგვისტოს დაიწყო და 16 აგვისტოს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი მარჯვენა სანაპიროზე - 17 002 058; ხოლო მარცხენაზე 43 265 221 ლარი იყო. ამასთან, სატენდერო პირობების მიხედვით, მიწოდების ვადად 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი არ შედგა, რამდენადაც განაცხადი არც ერთმა კომპანიამ არ წარადგინა. მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში კი განცხადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „ეკოლუქსმა“ წარადგინა.
ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის მოადგილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და თანაც, დაგვიანებით აწვდიდა.