ქართული მოცვზე საექსპორტო მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, მიმდინარე სეზონზე პროდუქტის მწარმოებლებისთვის ფასებიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. როგორც შპს „ვარციხის პლანტაციების“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა East fruit-თან საუბრისას აღნიშნა, მათი კომპანიის მიერ წარმოებული მოცვის 80% ექსპორტზე გავიდა. თუმცა იყო ბაზრები, რომლის ათვისებაც მხოლოდ იმ მიზეზით ვერ შეძლეს, რომ მიწოდებით ვეღარ დააკმაყოფილებდნენ.
„ვარციხის პლანტაციები“ ბაღდათის რაიონში 6 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც 9 სხეობის მოცვი იწარმოება. კომპანია ასევე ფლობს პროდუქტის შენახვისთვის საჭირო სამაცივრე მეურნეობებს, რომელიც ISO 22000-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
როგორც გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, პროდუქტზე რუსეთიდან არსებული დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მოცვის ფასი საქართველოშიც არ იყო დაბალი. მისი თქმით, სეზონის დასაწყისში, პროდუქტის საშულო ფასი 15 ლარი იყო, ხოლო სეზონის ბოლოს 11-12 ლარი.
გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, წელს „ვარციხის პლანტაციების“ მოსავალმა დაახლოებით, 50 ტონა შეადგინა, საიდანაც 80% ექსპორტზე გავიდა, ხოლო 20%-ის რეალიზაცია ადგილობრივ სუპერმარკეტებში მოხდა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები იყო: არაბეთის გაერთიანებულ საემიროები, ომმანი, ყატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი (გრძელვადიანი ხელშეკრულებით), და ასევე რუსეთი.
როგორც გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, ქართული კენკრა უცხოეთის ბაზარზე 150 და 300 გრამიანი შეფუთვებით გავიდა. მისი ტრანსპორტირება კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი ღვინიაშვილის თქმით, 2020 წლისთვის „ვარციხის პლანტაციების“ გეგმებში GLOBAL G.A.-ის სერტიფიკატის მისაღებად, შესაბამისი პროცედურების დაწყება და ამასთან, დამატებით 6 ჰექტარზე პლანტაციების გაშენებაა. მომავალ წელს კი კომპანია ჩინეთის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.
„ჩინეთის ბაზართან თანამშრომლობა წელსვე გვინდოდა, თუმცა პროდუქტზე იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო, რომ მიწოდებით ვერ დავაკმაყოფილებდით“,-აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.