არქტიკა მსოფლიოს იმ მცირე ნაწილთაგანია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაბინძურებული, თუმცა იქაც თოვლთან ერთად პოლიეთილენის, პლასტიკის უმცირესი ნაწილაკები მოდის. აღნიშნულ დასკვნამდე გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერები მივიდნენ. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერებმა ქილაში შეგროვილი თოვლის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, თოვლის ყოველ ერთ ლიტრში პოლიეთილენის დაახლოებით 10 ათასი მიკროსკოპული ნაწილაკი აღმოაჩინეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არქტიკაზე ჩასვლის შემთხვევაშიც კი ჩაისუნთქავს ამ ნაწილაკებს ჰაერთან ერთად. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიკრონაწილაკების ზემოქმედება ადამიანის შინაგან ორგანოებზე გამოკვლეული არ არის.
გარდა ამისა, მეცნიერებმა თოვლის ნიმუშებში რეზინის ნაწილაკები და მყარი, შესაძლოა, სინთეტიკური ქსოვილებიც აღმოაჩინეს.
საბოლოო ჯამში, მკვლევარებმა თოვლის დნობის შედეგად დარჩენილ წყალში, იმაზე ცოტა უფრო მეტი მიკრონაწილაკი იპოვეს, ვიდრე ამას ელოდნენ.
„ჩვენ ველოდით რაღაც დონით დაბინძურების აღმოჩენას, თუმცა ამ რაოდენობით პოლიეთილენის მიკრონაწილაკების პოვნამ გაგვაოგნა“ - განაცხადა „ბიბისი“-სთან საუბარში ექსპედიციის ლიდერმა პროფესორმა მელანი ბერგმანმა.
მისი თქმით, ცხადია, რომ პოლიეთილენის მიკრონაწილები თოვლში სწორედ ჰაერიდან აღმოჩნდა. მეცნიერებმა თოვლის ნიმუშები გერმანიისა და შვეიცარიის ზოგიერთ რაიონშიც აიღეს. გერმანიაში აღებულ ნიმუშებში პოლიეთილენის გაცილებით მეტი რაოდენობა აღმოჩნდა.
როგორ მოხვდა პოლიეთილენი არქტიკაზე?
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პოლიეთილენის მიკრონაწილაკები, რომელთა დიამეტრი 5 მილიმეტრზე ნაკლებია, შედარებით მცირე მანძილზე ქარს გადააქვს. როგორ გადაადგილდებიან ისინი უფრო დიდ მანძილზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ატმოსფეროდან მიკრონაწილაკები წვიმასთან და თოვლთან ერთად მოდის. ცოტა ხნის წინ მეცნიერთა სხვა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიეთილენი საფრანგეთში, პირენიებშიც კი მოდის ნალექთან ერთად, რომელიც ასევე ითვლება ეკოლოგიურად სუფთა ერთ-ერთ ადგილად.
მკვლევარები საგონებელში ჩააგდო საღებავისა და ლაქის ნაწილაკების პოვნამ. ერთი ვერსიის თანახმად, ისინი შეიძლება, თოვლში გემებიდან მოხვედრილიყვნენ, რომლებიც ძალიან ახლოს გადიოდნენ ყინულის საფართან.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა