თანამედროვე სამყაროში პირადი ცხოვრებისა და მუშაობის გრაფიკის დაბალანსება უფრო და უფრო რთულდება. რაც უფრო მეტია საქმე, უფრო ნაკლები დრო გვრჩება ოჯახისა და საკუთარი ცხოვრებისთვის.
როგორც გამოცემა The CEO Magazine წერს, აღმოჩნდა, რომ არა ბევრი, არამედ ჭკვიანურად მუშაობა უკეთესია და გამოიკვეთა ქალაქები, სადაც ეს ტენდენცია ყველაზე უკეთ შეინიშნება.
მსოფლიოს მასშტაბით 40 ქალაქის მდგომარეობა გაანალიზდა, დამუშავდა სამუშაოს ინტენსიურობის მაჩვენებელი, ინსტიტუციური მხარდაჭერა, საკანონმდებლო ბაზა, სიცოცხლისუნარიანობის საკითხი, რათა განსაზღვრულიყო, დასაქმებულებს რომელი ქალაქი სთავაზობს ცხოვრებასა და სამსახურს შორის საუკეთესო ბალანსს.
ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოიკვეთა 5 ქალაქი, სადაც ცხოვრებასა და მუშაობას შორის ბალანსი ყველაზე უკეთ არის დაცული:
იმ 5 ქალაქის ჩამონათვალი კი, სადაც ეს ბალანსი დარღვეულია, ასე გამოიყურება:
მუშაობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ფაქტორები
The CEO Magazine-ს ინფორმაციით, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბრაზილიასა და ფინეთში დასაქმებულების დასვენების დღეების რაოდენობა საკმაოდ ბევრია.
თავის მხრივ, იაპონიაში, აშშ-ში, მალაიზიაში, ავტრალიასა და სინგაპურში ის ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, ცოტას ისვენებენ.
ადგილები, სადაც ადამიანები მუშაობას ყველაზე მეტ დროს უთმობენ, არის სინგაპური, კუალა-ლუმპური, ტოკიო, ჰონგ-კონგი და ბუენოს აირესი. სინგაპურში საშუალოდ, სამუშაო კვირა 44,6 საათს ითვლის, თუმცა დასაქმებულთა 23% კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს.
საწინააღმდეგო უნდა ითქვას ოსლოში, ბუდაპეშტში, სტოკჰოლმში, მილანსა და ბარსელონაში დასაქმებულთა სამუშაო საათებზე. ამ ქალაქებში მხოლოდ დასაქმებულთა 4% მუშაობს კვირაში 48 საათზე უფრო მეტს.
საზოგადოება და ინსტიტუციები
იმისათვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გენდერული თანასწორობის საკითხი უკეთ გაერკვიათ, მკვლევარებმა ქალებსა და კაცებს შორის ეკონომიკური შესაძლებლობები, ფინანსური თანამონაწილეობის საკითხი, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანმრთელობა და პოლიტიკური ძალაუფლება შეისწავლეს.
გაანალიზების შედეგად ოსლო გენდერული თანასწორობის მიმართულებით, პირველ ადგილზეა. მას მოსდევს სტოკჰოლმი, ჰელსინკი, პარიზი და მიუნხენი.
ასევე, კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ სიდნეის ყველაზე მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემა აქვს, მაშინ, როცა ოსლო მენტალური ჯანმრთელობის პროგრამების მიმართულებით მსოფლიოში უმაღლეს საფეხურზე დგას. ამავდროულად, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სოციალური ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - მთავრობა სოციალური მიზნებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 32%-ს ხარჯავს.
ასევე, მკვლევარებმა მიზნად დაისახეს, განესაზღვრათ ადგილები, სადაც ლგბტ+ თემის მხარდაჭერა, თანასწორობის საკითხი, ანტიდისკრიმინაციული მიდგომა და ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული გარემოა. ასეთი შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი აღმოჩნდა. მას ტორონტო, ლონდონი და ბარსელონა მოსდევს. ლგბტ+ თემის მიმართ ანტიდისკრიმინაციული დამოკიდებულება იგრძნობა კუალა-ლუმპურში, სინგაპურში, სან-პაულუსა და ტოკიოშიც.
ქალაქის სიცოცხლისუნარიანობა
ქალაქის სიცოცხლისუნარიანობა მოქალაქეების ბედნიერებისა და უსაფრთხოების ინდექსით, კეთილდღეობითა და დასვენების ადგილებით განისაზღვრა. საბოლოო ჯამში, შეფასდა, ქალაქის მცხოვრებლებს სამუშაო საათების შემდეგ დასასვენებელი გარემო მოსწონთ თუ არა.
სინგაპურმა უსაფრთხოებითა და საჯარო დასასვენებელი სივრცეების სიმრავლით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო; აღმოჩნდა, რომ ჰელსინკში ყველაზე ბედნიერი მოქალაქეები ცხოვრობენ; სან-პაულუ კი ყველაზე ნაკლებად სტრესული ქალაქია.
კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ ციურიხში (შვეიცარია) კეთილდღეობის ყველაზე მაღალი ინდექსია, ლონდონში კი ყველაზე მეტი კულტურული აქტივობა ტარდება.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა