აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაინტერესება დანიის ავტონომიური ტერიტორიის, კუნძულ გრენლანდიის ყიდვის თაობაზე, დანიელმა პოლიტოკოსებმა „წარმოუდგენელ ხუმრობად“ აღიქვეს.
„ეს ალბათ საპირველაპრილო ხუმრობაა, მაგრამ სეზონი ვერ გამოიცნეს“, - დაწერა „ტვიტერში“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.
„ტრამპი ყიდულობს გრენლანდიას? იმედი მაქვს ხუმრობაა, მაგრამ სხვა თვალსაზრისით საშინელი აზრია. არის გრენლანდიის მილიტარიზაციის, გრენლანდიელების ნაკლები დამოუკიდებლობის რისკი, გარდა უზარმაზარი დანაკარგისა დანიისთვის“, - დაწერა ასევე „ტვიტერში“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარტინ ლიდეგორმა.
ინფორმაცია ტრამპის სურვილის თაობაზე, იყიდოს დანიის ავტონომიური ტერიტორია - მსოფლიოში უდიდესი კუნძული გრენლანდია, დღეს დილას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „უოლ სტრიტ ჯორნელმა“ გაავრცელა. ეს იდეა ახალი არ არის. აშშ-მა გრენლანდიის ყიდვა უკვე ორჯერ, 1867 და 1946 წლებში სცადა, მაგრამ დანიელებმა ორჯერვე უარი თქვეს გარიგებაზე.