საჯარო რეესტრი "საკონსულტაციო ბარათების" გამოქვეყნებას განაგრძობს

საჯარო რეესტრი განაგრძობს "საკონსულტაციო ბარათების" გამოქვეყნებას, რომლის მიზანია მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ პირებმა უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დღევანდელი საკონსულტაციო ბარათის თემაა: "შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება".

შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ნუმერაცია; არსებული ნუმერაცია არალოგიკური ან არასწორია და ასევე, როდესაც დუბლირებულია მისამართები/ნომრები.

იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაზუსტებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილებისათვის აუცილებელია ჯერ განხორციელდეს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტება საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილების წესი და პირობები:

შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის მინიჭების/ნომრის ცვლილებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტებია:

1) განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხორციელდება 30 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.