"ჯორჯიან მანგანეზმა" სოფლებში - ზედა რგანსა და მღვიმევში რეკულტივაციის სამუშაოები 3 ტერიტორიაზე დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ნეზ გორგია" ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები სოფელ ზედა რგანში, ე.წ კავთელაძეები 2-ის კარიერზე 4.21 ჰა, "საშევარდნოს კარიერზე" 6.91 ჰა და სოფელ მღვიმევში, ე.წ ჩაიებისუბანზე 5.64 ჰა ფართობის ტერიტორიაზე იგეგმება.
„ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის დირექტორის, ირაკლი ნოზაძის განცხადებით, შემოდგომაზე კომპანია ზედა რგანში ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოებსაც გეგმავს.
„ზედა რგანში, ე.წ. 27-ე კარიერზე, ტექნიკური რეკულტივაცია უკვე დასრულებულია. ამჟამად, 8.61 ჰა ფართობის ტერიტორიაზე ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები იგეგმება. გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ ჭიათურაში სარეკულტივაციო ტერიტორიებზე გეოლოგიური ბურღვითი სამუშაოების შესრულებაზე ტენდერიც გამოაცხადა. ბურღვითი სამუშაოები, ჯამურად, 36 ჰა ფართობზე ჩატარდება. ამ ფორმით, პერსპექტიულ სარეკულტივაციო ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის არსებობის ან არარსებობის ფაქტი დადგინდება. თუკი მანგანუმის მადანი სრულადაა მოპოვებული და ტერიტორია მზადაა რეკულტივაციისთვის, ხსენებულ 36 ჰა ფართობზე სრული სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი დამატებით გამოცხადდება", - განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.
კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2019 წელს რეკულტივაციის სამუშაოები, ჯამურად, 50 ჰექტარზე მეტ ფართობზე, კარიერული წესით დამუშავებულ ტერიტორიებზე განხორციელდება.