გრძელდება გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 226 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იმერეთში ვიზიტისას განაცხადა.
მინისტრი ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რის შემდეგაც სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში გაზიფიცირება უკვე სრულდება, ზოგიერთში კი ახლა დაიწყო და გათბობის სეზონის დაწყებამდე, გაზი ამ სოფლებსაც ექნებათ.
მინისტრის განცხადებით, მთლიანად იმერეთის რეგიონში 29 დასახლებული პუნქტი დაიფარება.
“ეს არის 5150 ოჯახი, რომელიც უკვე წელს შეძლებს მიიღოს ბუნებრივი აირი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები 16 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. სულ გაზიფიცირდება 158 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 599 99.71 ლარი. საპროექტო მილის სიგრძე 22 751 მეტრია. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი ინვესტ 2009“ შეასრულებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება. საერთო ჯამში, გაზიფიცირდება 39 ოჯახი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 64 508.03 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 2 419 მ. სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია შპს რაც “მნათობი 2013“.
რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეს, აქაც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო გაზიფიცირება და სექტემბერში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებს 215 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 383 710.92 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 14 912 მ. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „მნათობი 2013“ ასრულებს.
ნათია თურნავას თქმით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია.
“ამ მაჩვენებლით ჩვენ ევროპაში ლიდერი ქვეყანა ვართ. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც მოიცავს, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად იმერეთის სოფლებში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.