სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს.
კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო ავტომანქანებზე დაფიქსირდა არასამუშაო დღეებში საწვავის ჩასხმის 14 შემთხვევა, საიდანაც დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალში არ შეტანილა 11 შემთხვევაში.
ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, უწყების ბალანსზე არსებული შვიდი ავტომანქანიდან ორი არის სამორიგეო ავტომანქანა, რომელთაგან ერთი ემსახურება მთავრობის აპარატის თანამშრომლებს, ხოლო მეორე − სამეურნეო სამმართველოს თანამშრომლებს, მოთხოვნის შესაბამისად. სამორიგეო ავტომანქანების მოძრაობის შესწავლით დადგინდა, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ჟურნალში არ აისახება სამორიგეო ავტომობილების მივლინების დროს გადაადგილება. ამასთან, სპეციალური დანიშნულების ავტომანქანაზე არ წარმოებს ტრანსპორტის მოძრაობის რეგისტრაციის ჟურნალი ან სხვა მოძრაობის კონტროლის ალტერნატიული საშუალება.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშულია, რომ სამეურნეო სამმართველოს განმარტებით, ბალანსზე რიცხული ხუთი ერთეული ავტომანქანისათვის საჭირო ავტოსადგომის არ არსებობის გამო, სამუშაო საათების შემდგომ მათი პარკირება (გაჩერება) ხდება მათზე პასუხისმგებელი პირების (მძღოლების) საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით (ავტომანქანების საკუთარ სახლთან გაჩერების თაობაზე) არ არსებობს რაიმე სახის ფორმალური დოკუმენტი.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს შვიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა, თუმცა ხარჯების გაწევის დროს გამოვლინდა კონტროლის ღონისძიებების ნაკლოვანებები.