თანამდროვე ტექნოლოგიები მებოსტნეობაში - სპეციალისტების გადამზადების კურსი დასრულდა

ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - მაშავის დირექტორი მატანია ქოენი, საქართველოში ისრაელის ელჩთან იუვალ ფუქსთან ერთად, დღეს შიდა ქართლში მაშავის კურსის - "თანამდროვე ტექნოლოგიები მებოსტნეობაში" დახურვის ღონისძიებას დაესწრება.

აღნიშნული პროექტი 2013 წლის შემდეგ, NEO-სთან ერთად განხორციელდა. საქართველოში ისრაელის ელჩის იუვალ ფუქსის განცხადებით, 2014 წლის ბოლომდე კიდევ 6 პროექტი განხორციელდება, რაც საქართველოსთან პარტნიორობის გაორმაგებას ნიშნავს.

"უკვე გამოიკვეთა საქართველოსთან თანამშრომლობის მზარდი ინტერესი. საქართველოსთან მიმართებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალისტების გადამზადების შესაძლებობების გაზრდას, რაშიც ისრაელს შეუძლია რეალური დახმარების გაწევა, რაც მომგებიანი იქნება კერძო სექტორისთვის", - განაცხადა ელჩმა.

ირდღიანი ვიზიტის ფარგლებში მატანია ქოენი უკვე შეხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ისრაელის აგროკომპანიების წარმომადგენლებს. ამ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარტნორებთან ერთად, 2015-2016 წლის გეგმები განიხილება.

ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო – მაშავი - 1957 წელს ისრაელის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებადი მსოფლიოსათვის გაზიარების მიზნით დაარსდა. დაარსების დღიდან, მაშავის პროგრამებით 132 ქვეყნის 270 000-მდე მონაწილემ ისარგებლა, განხორციელდა ათობით საჩვენებელი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 700-მა კურსდამთავრებულმა საქართველოდან მიიღო მონაწილეობა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, გენდერულ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ მაშავის კურსებსა და კონსულტაციებში.

მაშავის პროგრამა საქართველოში მოწოდებულია ტრენინგების, ტექნიკური დახმარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მეშვეობით დაეხმაროს ფერმერებსა და აგრო-ექსპერტებს. მრავალწლიანი პროგრამა ხორციელდება ადგილზე ჩატარებული პროგრამების მოკლევადიანი კონსულტაციების მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (შიდა ქართლი, სამეგრელო, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) ისეთ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა NEO (USAID), RED (DANIDA/SDC) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად.