რა ქონებას ფლობს „ოცნების“ „უცვლელი“ მინისტრი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოსტს ამ დრომდე უცვლელად იკავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს „ოცნების“ უცვლელი მინისტრი. 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 476,38 ლარი; 10600 ევრო; 3600 ლარი ჰქონდა. მისმა 2018 წლის დაუბეგრავმა ხელფასმა მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა, ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. ამასთან, თეა წულუკიანს 2018 წელს უცხოეთში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავლის საანაბრე ანგარიშზე 220480 ევრო ჩაერიცხა.

დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50 009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ დილისკაში, რომელიც 2016 წელს 7 000 ლარად შეიძინა; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7, რომელიც 2017 წელს სხვა ავტომობილში გაცვლის შედეგად მიიღო.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1347,71 ლარი, 5,17 ლარი და 1224,23 ლარი ჰქონდა.

მისმა დაუბეგრავმა ხელფასმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2018 წელს - 43577,21 ლარი შეადგინა.

ლიკა ამირაშვილი