სარეიტინგო კომპანია Fitch- მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს:
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2018 წელს 7.7% (8.8%-დან 2017 წელს) შეადგინა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019-2021 წლებში 5.3%-მდე შემცირდება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას.
წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება.
საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვების დონე, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ დოლარს მიაღწევს.
მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის და სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში.
მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეს.
სამინისტროს ცნობით, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხის და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლები. დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გრძელდება და მაკრო-პრუდენციული რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის თანდათანობით შემცირებას.
სარეიტინგო კომპანია ასახელებს იმ გამოწვევებსაც, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს:
„რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი - 4.6%), თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე.
ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განპირობებულია მმართველობის მაღალი ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებით. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.