საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი.

საქართველოს სტატისტიკის სამსახური საგარეო სავაჭრო ბრუნვის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), 6480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 14%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის წილად 1665 მლნ აშშ დოლარი მოდის, იმპორტმა კი 4815 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"ჯეოსტატის" მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივლისში 3150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49%-ია. ამავე პერიოდში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1683 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-ივლისში 2021 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 7%-ით მეტი). აქედან ექსპორტმა 884 მლნ აშშ დოლარს (7%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა 1137 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (7%-ით მეტი).

2014 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (1113 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (685 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (464 მლნ აშშ დოლარი).

2014 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 331 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 183 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11% იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 529 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 410 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9% იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 194 მლნ აშშ დოლარით.