წლეულს საქართველოში თხილის კარგი მოსავალი მოვიდა. ფერმერები, რომლებიც ბოლო წლებში ძალიან დაზარალდნენ და უშემოსავლოდ დარჩნენ, ვითარების გაუმჯობესებას ელოდებიან.
რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში და როგორ უნდა მოუაროს ფერმერმა თხილს კარგი მოსავლის მისაღებად? გვესაუბრება აკაკი ღლონტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელი, სწავლული აგრონომი.
- შარშან თხილის მოსავალი ჩავარდა, რის გამოც მოსახლეობამ თხილის გაჩეხა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომაა: გაშენებული ბაღი კი არ უნდა გაჩეხო, მცენარე თუ ავად არის, უნდა მოუარო. ჩვენი ფერმერები თხილს სათანადოდ არ უვლიან, ამიტომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა გადაწყვიტა, საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, როგორ უნდა მივხედოთ თხილის პლანტაციას. ამისათვის ჯერ თითოეული სოფლიდან მოვამზადეთ კადრები, რომლებმაც სრულყოფილად შეისწავლეს თხილის მოვლისა და მოყვანის წესები. ვუთხარით, რომ მერია საჩუქრად გადასცემდა საჭირო პრეპარატებს, ოღონდ შრომა არ უნდა დაზარებოდათ. ოფიციალური ხელშეკრულებები გავაფორმეთ, ადგილზე მივედით და მასტერკლასი ჩავუტარეთ. ამ ექსპერიმენტისთვის ნაკვეთები 4 სოფელში შევარჩიეთ: მაკვანეთში, სილაურში, გურიანთასა და ბოხვაურში. ყველგან 95%-იანი შედეგი მივიღეთ და გადავწყვიტეთ, გაისად სხვა კულტურებზეც გადავიდეთ.
- რა ღირს ამჟამად კარგი თხილი?
- ხარისხიანი თხილის საბითუმო ფასი 4 ლარია. ვინც კარგად მოუარა, ძალიან კარგი მოსავალი მიიღო. წესით, 1 ჰექტარ ფართობზე 2-2,5 ტონა მოსავალი მაინც უნდა მოვიდეს. ზამთარში თხილის ფასი, სავარაუდოდ, 7-8 ლარი გახდება და ფერმერს, სულ ცოტა, 14-15 ათასი ლარის შემოსავალს დაუტოვებს. როგორ ფიქრობთ, ამ თანხისთვის შრომა არ ღირს? - ჩემი აზრით, ღირს. მინდა თითოეულ ფერმერს ვუთხრა: თუ თხილის პლანტაციას სათანადოდ მოუვლით და თავის დროზე ყველა აუცილებელ პროცედურას ჩაუტარებთ, აუცილებლად მოგებული დარჩებით.
- რა პროცედურებია საჭირო, რომ თხილი არ დაზიანდეს?
- თხილის ბაღს მოვლა მთელი წლის განმავლობაში სჭირდება: დეკემბერ-იანვარში სასურველია გასხვლა დავიწყოთ, ნიადაგის ნიმუშიც ავიღოთ და ლაბორატორიული ანალიზი ჩავუტაროთ. თუკი ნიადაგს აუცილებელი ნივთიერებები აკლია, მათ შორის ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, და მისი მჟავიანობაც არ არის ნორმაში, ის კირითა და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქებით უნდა გავაჯეროთ. ეს იანვარ-თებერვალში უნდა მოვასწროთ, ხოლო რთული სასუქები ბაღში მარტიდან უნდა შევიტანოთ. სასუქები მოხვნის დროს ნიადაგს კარგად უნდა შეერიოს. ასევე აუცილებელია თხილის პლანტაციის შეწამვლა 3%-იანი შაბიამნის ხსნარით, რათა თხილს სოკო და სხვა დაავადებები არ მოერიოს. პირველი წამლობა თებერვლის ბოლოს უნდა მოვასწროთ, ამის შემდეგ სულ 5 წამლობაა საჭირო, ოღონდ ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველანაირი წამლობა თხილის მოკრეფამდე 20 დღით ადრე უნდა შეწყდეს, რადგან შეიძლება შხამიანი და უსარგებლო ნაყოფი მივიღოთ. ზაფხულში უკვე აზოტოვანი სასუქებია საჭირო, ისინი განვითარებაში ეხმარება თხილის ნაყოფს და ხელს უწყობს მცენარეს აქტიური ვეგეტაციის პერიოდში.
- ნიადაგი როგორ უნდა დამუშავდეს?
- სასუქები ნიადაგში 10-15 სმ სიღრმეზე უნდა ჩავიდეს. ეს ნიადაგს, სულ ცოტა, 4 წელიწადში ერთხელ მაინც სჭირდება. ნიადაგის დამუშავებას ჩვენთან დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არადა, მისი მოხვნა და დაბარვაა აუცილებელი. ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ როგორც სხვა მცენარეებს სჭირდება ნიადაგის გაფხვიერება და აერაცია, ასევე სჭირდება თხილსაც.
- ზოგჯერ თხილის ნაყოფი გარეგნულად კარგია, მაგრამ არა გული. ამას რით უნდა უშველონ?- თხილის პლანტაციაში ველური ჯიშები უნდა გაშენდეს, მაგალითად, ხაზარულა, თითა, ხაჭაპურა და სხვ. ეს ჯიშები მოგრძო, ელიფსურ ნაყოფს ისხამენ და კარგად ამტვერიანებენ კულტურულ ჯიშებს. ზაფხულში აუცილებელია ახალამოყრილი ბალახებისა და სარეველების კონტროლიც. შეწამვლისას შაბიამნის ხსნარს სპილენძისა და გოგირდის შემცველი პრეპარატები უნდა შევურიოთ, მესამე წამლობის დროს კი ამ ხსნარს მწერებისა და მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატებიც დავუმატოთ, მაგალითად, "ისაკარი". მწერების საწინააღმდეგო ყველა წამალი კარგად ებრძვის ფაროსანასაც. კარგია, რომ ბოლო ხანებში ფაროსანას ბუნებრივი მტრებიც გამოუჩნდა, მაგრამ თხილს მარტო ფაროსანა კი არა, ბევრი სხვა მწერიც ემტერება, მათ შორის შავი ხარაბუზა, ბუგრები, ტკიპები და ა.შ.
მორწყვაც აუცილებელია. ვისაც სარწყავი სისტემა აქვს, არ გაუჭირდება, რადგან ეს სისტემა თვითონ არეგულირებს, საათში რამდენი ლიტრი წყალი მიაწოდოს თხილის ბაღს. ამიტომ სასურველია, სარწყავი სისტემა ყველა ფერმერმა გამართოს. ვისაც ასეთი სისტემა არა აქვს, ზაფხულში პლანტაცია დილა-საღამოს უნდა მორწყოს.
- როდის იწყებენ კრეფას და რამდენად სასურველია ჩამოცვენილი ნაყოფის მოგროვება?
- თხილის კრეფა დაახლოებით 20 ივლისიდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, ზოგჯერ სექტემბერშიც გადადის. მცენარე თვითონ გვეუბნება, როცა დამწიფებულია და კრეფა ამ დროს უნდა დავიწყოთ, ოღონდ თხილმა ჩამოცვენა არ უნდა დაგვასწროს. თუ მაინც დაგვასწრო, სასწრაფოდ უნდა ავკრიფოთ. სასურველია, ძირს ბრეზენტი ან სხვა ქსოვილი დავაფინოთ, რომ ნაყოფი მიწას არ შეეხოს, რადგან შეიძლება ნიადაგიდან სინესტე შეეპაროს და დაზიანდეს.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 19 აგვისტოს ნომერში