საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.
2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით. როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, 0.2 და 0.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.6 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 55.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 73.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით.
2019 წლის II კვარტალში ქალების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, ხოლო კაცებში - 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.