სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 20,6%-ით, დსთ-ს ქვეყნებში კი 26,6%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 7 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 503.5 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 20.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 280.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (12.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 783.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 105.8 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 303.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (14.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 408.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.9 პროცენტი იყო.