თბილისის მერია მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერს ხელახლა, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით, მერიამ 7 აგვისტოს ორი ტენდერი გამოაცხადა. მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ხოლო მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ეკოლუქსი“ - დაინტერესდა.
„მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე შესყიდვის ელექტრონული პროცედურა უახლოეს დღეებში გამოცხადდება. რაც შეეხება მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების საკითხს, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობს ერთი კომპანია, რომლის დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება და ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.